2020-03-31 20:04:04
დღეს ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს, 31 მარტს, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ მიერ განხორციელებული რეისით სამშობლოში კიდევ 179 მოქალაქე დაბრუნდება.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ფრენების შესახებ კომენტირებისას POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც 23 მარტის შემდგომ საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. ასევე, 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქე და 40-მდე ტრანზიტული მგზავრი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საელჩოს დახმარებითა და კონსულტაციით, ამსტერდამის გავლით ბრუნდებიან სამშობლოში.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.

31 მარტს, შუადღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4 995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 278.

ამავე თემაზე