2024-04-25 18:24:28
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ აჩერებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში.

„მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.

სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში,  ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.

ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატო-ს, გაერო-ს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ,  მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა,  ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები.

ამავე თემაზე