თუ მე შედეგებს არ ვენდობი იმას ვერ გამოვაქვეყნებ. მე გეუბნებით, რომ დამდგარ შედეგებს არ ვენდობი - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის კრიტიკას, თუ „სამართლიანი არჩევნები“ რატომ არ აქვეყნებს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს.
დოლიძის თქმით, პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნება მისი და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
„სამართლიანი არჩევნები” უკვე 29 წელია არჩევნებს აკვირდება. ჩვენი მეთოდოლოგია არის რაოდენობრივი და თვისებრივი. სწორედ, ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს.
გადაწყვეტილება არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. სწორედ, იმ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საზოგადოების წინაშე გაგვაჩნია. ჩვენ საზოგადოებას, აუცილებლად უნდა ვუთხრათ რა პრობლემები ვიხილეთ და ეს ახდენდა თუ არა გავლენას შედეგებზე.
თუ მე შედეგებს არ ვენდობი იმას ვერ გამოვაქვეყნებ. მე გეუბნებით, რომ დამდგარ შედეგებს არ ვენდობი. იქიდან გამომდინარე, რომ აი, ის პრობლემები, რაც ვიხილეთ, ის აისახებოდა დამდგარ შედეგებზე. შესაბამისად, ვერ იქნება ქართველი ხალხის გამოხატულება და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, რომ ამდენი პრობლემა, რაც დავინახეთ ის ვეღარ იქნება შედეგების ვალიდური განმსაზღვრელი. ჩვენ პირიქით ახლა შედეგებზე რომ გვქონდეს აპელირება, ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და რამდენად სწორია ის საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ჩვენ უნდა მივაწოდოთ, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, სწორი ინფორმაცია. რაოდენობრივი შედეგები საზოგადოებას [გავაცანით]. მათ შორის, 31%-ზე იყო აღრიცხვა ამომრჩევლის, 13%-ზე იყო მოსყიდვა ამომრჩევლის, 19% -ზე იყო ტრანსპორტირება. ეს PVT-ის შედეგებია, თქვენ გგონიათ არა?! რადგან PVT-ის რაოდენობრივი შედეგები დღის პროცესთან დაკავშირებით ასეთი პრობლემური იყო, ამიტომ ვამბობთ შედეგებზე... ჩათვალეთ, რომ ჩვენ PVT-ის შედეგები გამოქვეყნებული გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.