2024-06-12 14:39:39
გადავწყვიტეთ გავაუქმოთ შოუ, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო - Massive Attack

MASSIVE ATTACK-მა ბლექ სი არენაზე კონცერტი გააუქმა - მიზეზად ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებებზე თავდასხმას ასახელებს და სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ ფოტოს ავრცელებს:

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - წერია განცხადებაში.

Black Sea Arena-ს მენეჯმენტმა კი დღეს მოკლე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ კონცერტის გაუქმების მიზეზი გაუთვალისწინებელი გარემოებები გახდა და რომ ბილეთების მფლობელებს თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.   

ამავე თემაზე