უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად კერძო კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი აღჭურვილობა სერიოზულად დაზიანდა და სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"მტერი უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა", - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ 13 თებერვლის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 23 "შაჰიდით" შეუტიეს. დნეპრზე შეტევის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ რუსები თავს ესხმოდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თბოელექტროსადგური დაზიანდა.