საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.
რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.