არჩევანის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი უკვე თითქმის 18 საათია უწყვეტად მიმდინარეობს. მოსამართლეთა კოლეგია სადამკვირვებლო ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საქმეებს განიხილავს. ჯამში 41 ოლქში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საჩივრები განიხილება. სხდომაზე ჩატარდა ექსპერიმენტიც და გამოჩნდა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულია.
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია "ჩემი ხმის" საქმეები.
პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება.
დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა.
ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა.
რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს." - დაწერა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში.