2024-10-31 16:05:03
სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია - ბოჭორიშვილი

თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ცალსახად, საქართველოს ინტერესებს აზიანებს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პოზიციას, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

„ის არ აღიარებს იმ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტის თანამდებობაც უკავია. არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის კონსტიტუციას. ვფიქრობ, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს და ასევე, ვფიქრობ, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს ამას,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კამპანია, რომელიც არჩევნების გაყალბების შესახებ დაიწყო, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„თუკი არსებობს იმ განცხადებების საფუძველი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ გაეცეს პასუხი. თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ცალსახად, საქართველოს ინტერესებს აზიანებს,“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დღესაა დაბარებული, თუმცა პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

ამავე თემაზე