2024-10-31 10:50:35
მარნეულში, სოფელ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალებისა და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე