საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
"ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის შეტანის შემდეგ ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო, ჩემთვის ეს პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, 1 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს", - თქვა მან.