2024-10-02 17:54:53
აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა – კობახიძე

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტთან და ბანერთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: „ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8 პროცენტის გამო?“.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა, კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, რადგან, მისივე განმარტებით, საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს.

„1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა. არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით – ცდომილება იყო არა 1,8, არამედ, თუ არ ვცდები, იყო 2,5. შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით, „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1,8, არამედ 2,5. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა, ვთხოვო ელჩს, კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს თავისი საელჩოს თანამშრომლებმა, როცა საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. 2,5 პროცენტი არის 50 ათასი ხმა. „ისფედი“ ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა, ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი, არა 1,8, არამედ 2,5 და მეორე – არა 2,5 როგორც ასეთი, არამედ „ისფედი“ ჩვენ გვაბრალებდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ 50 ათასი ხმის გაყალბების საბაბით, რადიკალური ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა „ენჯეოების“ და ორი ელჩის მხრიდან, რაც არ არის ნახსენები ამ ბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე