დღეს ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას თბილი მილოცვა გადასცა და დაამატა, რომ რუსეთი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერას "სახელმწიფო განვითარების საკითხებში" აქტიურად გააგრძელებს.
"ძვირფასო ასლან გეორგიევიჩ, გთხოვთ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვეძლება სხვადასხვა საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერას სახელმწიფო განვითარების საკითხებში", - რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ი ავრცელებს პუტინის მილოცვას.
პუტინი ბჟანიას ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას - მშვიდობასა და კეთილდღეობას.