საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეშვიდე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროექტი 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.
წელს, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 13 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან. მსოფლიოში აღიარებულ აქსელერაციის მენტორებთან ერთად, სტარტაპები იმუშავებენ მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და მომხმარებლებზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის შექმნაზე. დარჩენილი რვა კვირის განმავლობაში კი მენტორებთან ერთად ჩაატარებენ ბიზნეს ექსპერიმენტებს, რათა აღმოაჩინონ ინდივიდუალურად მათ სტარტაპებსა და პროდუქტებზე მორგებული ბიზნეს სტრატეგია, რაც სწრაფ ზრდაში დაეხმარებათ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე და გაივლიან Demo Day-სთვის მოსამზადებელ ეტაპებს.
პროგრამა Demo Day-ს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარ ბიზნესებს ფართო საზოგადოებას - ინვესტორებს, მედიის წარმომადგენლებსა და ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს გააცნობენ.
პროექტის დასრულების შემდეგ, 500 Global in Eurasia კვლავ აქტიურად განაგრძობს მონაწილე სტარტაპების სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას და მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით მათ მხარდაჭერას.
უკვე 70-ზე მეტმა სტარტაპმა 10 ქვეყნიდან გაიარა 500 Global in Eurasia-ს პროგრამა საქართველოში. მათ შორისაა Praktika.AI - სტარტაპი, რომელმაც წელს 35.5 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო.
წლევანდელი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილე სტარტაპები არიან:
DDD Invoices - ფინტექ ინფრასტრუქტურა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, API-ს მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ინვოისები გამოსცენ, რომელიც საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვა, შეამცირებს R&D დანახარჯებს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე კომპანიის მასშტაბირებას.
&Volume: &Volume ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის მართვის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლისგან დამოუკიდებლად ახორციელებს ვალუტის შესყიდვას, ახდენს მუდმივად ცვალებად ბაზართან და მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაციას - თუმცა, დაგროვილ ფონდებს მომხმარებელი თავად განკარგავს.