2024-09-12 13:43:44
ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი - 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული

ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი, - ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა. ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე