2024-07-10 14:57:34
გავუწევთ ფინანსურ დახმარებას, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან - Glovo კურიერზე

Glovo საქართველო კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის.

"Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

Glovo ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ Glovo-ს მხრიდან"- ნათქვამია განცხადებაში.

6 ივლისს გლოვოს კურიერი დაჭრეს და სასტიკად სცემეს. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. 

დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამას მოჰყვა თავდასხმა კურიერზე. 

8 ივლისს მომხდართან დაკავშირებით ერთ ადამიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე წარედგინა ბრალდება. 

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. 

ამავე თემაზე