გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას, თავისი საქმიანობის განმავლობაში, "არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება."
"დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო. საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს" - თქვა ელჩმა.