2024-05-15 17:18:32
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ

აპარლამენტო ოპოზიციის წევრები ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პარლამენტის მიერ გუშინ, მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე ისაუბრეს.

დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„პირველი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ევროპული მომავალი და ევროპული პერსპექტივა. მეორე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ბუნებრივია, შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ის ევროპელ სტუმრებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისივე შეფასებით, გასაგებია „ქართული ოცნება“ რა მიმართულებით მიდის და ახლა ოპოზიციას თავის საქმე აქვს გასაკეთებელი.

„საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ძალიან მკაფიოა, რომ რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ამ კანონს ვერ გააკეთილშობილებს. კანონი ფუნდამენტურად შეუსაბამო დოკუმენტია. მეორე, სტუმრები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის, ევროპული ღირებულებების და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული“,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კანონში შესწორების ან ცვლილების შეტანა შედეგს ვერ მოიტანს.

„ძალიან საიმედო მესიჯი იყო ის, რომ ამ კანონის მიღებით არაფერი არ მთავრდება, რადგან ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არჩევნებზეც ჩვენ გვერდით იქნებიან“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას თინათინ ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, დავით უსუფაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ფრიდონ ინჯია, ნიკა მაჭუტაძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი და ჰერმან საბო დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე თემაზე