გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
,,მთელი წრეა შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოს“, მათ დემონსტრაცია მოაწყონ და სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს, დადგეს მათ გვერდით და სამთავრობო პარტიას კოშმარი უძახოს და ა.შ. რაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ან რაც ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფოს ლამის კოშმარები ეძახა. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ის ვილნიუსში ან ბერლინში მიტინგზე, რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა და უცხოელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა (თავის დამფინანსებლებს) და მთავრობაზე ლამის თავდასხმის გამოსვლისთვის გამოიყენებდა ამას პოლიტიკოსი? ხომ აბსურდია? ეს რომ კითხოთ ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ხომ აბსურდია ეს სქემა და ამ აბსურდს ევროპელები საქართველოში სჩადიან, გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.
განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30 -წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, ასევე, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას და მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. აი, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპისპირებისა და არეულობისთვის, აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.