2024-04-02 17:43:02
პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიასაც მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიას მიმართა.

"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - უთხრეს ფორმულას პროკურატურაში. 

მანამდე, 11 მარტს პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა. 

საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილის გადაცემას ითხოვს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა აღარ მიმდინარეობს. ინტერპოლმა ძებნა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა, მიზეზად კი ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქვეყანა, შესაძლოა, უნგრეთი ყოფილიყო, თუმცა სახელდებოდა უკრაინაც.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა; ნოემბრიდან კი ის უკვე ძებნილად გამოცხადდა.

საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2021 წელს შეუწყდა. მან ეს, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითონ მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 

ამავე თემაზე