
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილებების საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას.
"გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.