2024-03-28 15:58:25
მაღალი არტერიული წნევის მართვა და რეკომენდაციები -ბოხუას ცენტრი

                რამდენიმე გზავნილი მაღალ არტერიულ წნევასთან დაკავშირებით

  1. გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიშანია, ერთი მიგვანიშნებს თუ რა სიხშირით იკუმშება გული, ხოლო მეორე მეტყველებს იმ ძალაზე, რომლითაც სისხლი აწვება სისხლძარღვის (აორტის) კედელს; მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასვა მნიშვნელობა გააჩნიათ, მათი რეაქცია ცვალებად გარემოზე და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, ფიზიოლოგიურ (ნორმა) სიტუაციაში, ერთმანეთის მსგავსია;
  2. არტერიული წნევის და გულისცემის სიხშირის გაზომვა საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ  გული საკმარისად კარგად მუშაობს, რათა სისხლის და ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა მიაწოდოს  სხეულის დანარჩენ ნაწილს;
  3. არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე მუდამ იცვლება (თუნდაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში) ადამიანის ფუნქციონირების და გარემოს ცვლილებასთან ერთად;
  4. არტერიული წნევა მატულობს ან კლებულობს  ჯანმრთელ ადამიანებშიც. ასე, არტერიულმა წნევამ და გულისცემის სიხშირემ უნდა მოიმატონ  ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის დროს, ის ცვალებადია საკვების მიღებასთან, ძილის და ფხიზლად ყოფნის, კვებასთან მიმართებაში და ა.შ. წნევის ეს მერყეობა ფიზიოლოგიურია ანუ ნორმალური, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერ შეძლებდა ნორმალურ ფუნქციონირებას... ამიტომ არტერიული წნევა ყოველთვის გაზომილი უნდა იყოს ფიზიკური და ემოციური მოსვენების პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ცრუ ინფორმაცია; ეპიზოდურად მაღალი არტერიული წნევის დაფიქსირება, სულაც არ ნიშნავს მაღალ წნევასთან ასოცირებული ავადმყოფობის არსებობას!
  5. არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე რეაგირებენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მაღალი შფოთვის, პანიკური მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანი შფოთავს, ვაითუ არტერულმა წნევამ მოიმატოს, არტერიულმა წნევამ შეიძლება მოიმატოს, შფოთვაზე პასუხად. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ მოვხსნათ შფოთვა და თავი შევიკავოთ წნევის დამაქვეითებელი წამლების მიღებისაგან;
  6. თავის ტვინის ინსულტი უფრო ხშირად ვითარდება არტერიული წნევის სწრაფი,  უჩვეულოდ მაღალ დონემდე, მოულოდნელი მომატების ან მისი ასეთივე დაქვეითების შემთხვევაში. მაგ., ეს უკანასკნელი შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანები იმის შიშის გამო, აქაოდა არტერიულმა წნევამ არ მომიმატოს, იწყებენ არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვადასხვა წამლის, დროის მოკლე მონაკვეთში მიღებას;
  7. ადამიანთა უმრავლესობაში არტერიული წნევის რეგულირება შესაძლებელია მოხდეს წამლების გარეშეც: ნატრიუმით მდიდარი საკვების მკვეთრი შეზღუდვით, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი თვლის რომ მას „ნორმალური“ რაოდენობით მოიხმარს, თამბაქოს მოწევის შეწყვეტით, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვით, სხეულის წონის დაქვეითებით, რეგულარული, დინამიური ტიპის, რიტმული (ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა) ფიზიკური ვარჯიშით და სითხის (არ უნდა მიათვალოთ ჩაი ან ყავა, მოერიდეთ მინერალური წყლის მიღებას ექიმის რჩევის გარეშე) საკმარისი რაოდენობით მიღებით (საშუალოდ 1 ჩაის ჭიქა წყალი (150 მლ) საათში);
  8. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არტერიული წნევის მომატება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა წამალმა, მაგალითად ე.წ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ ტკივილის შემთხვევაში;
  9. ხანგრძლივი მოქმედების, არტერიული წნევის დამაქვეითებელი (ე.წ. „მარეგულირებლები“) წამლების მიღება რეკომენდირებულია, მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმმა დაგისვათ „ესენციური ჰიპერტენზიის“ ან ზოგიერთი „სიმპტომური (მეორადი) ჰიპერტენზიის“ დიაგნოზი. უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ „მარეგულირებლებს“ მიეკუთვნება წამლები, რომლებიც მხოლოდ აქვეითებენ არტერიულ წნევას და არა პირიქით. მათი მიღება საჭიროა მხოლოდ ექიმის რჩევით, რეგულარულად, ექიმის მიერ შერჩეულ კომბინაციაში, როგორ წესი, დღეღამის ერთი და იგივე დროს;
  10. ზოგიერთმა, არტერიული წნევის დამაქვეითებელმა წამალმა შეიძლება გამოიწვიონ შეშუპება ქვედა კიდურებში ან მშრალი ხველა, თუ ეს მოხდა,  არაფერია ამაში დრამატული, უბრალოდ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს;
  11. წამლების მიღება არ გამორიცხავს ცხოვრების ჯანსაღი  წესის დაცვის აუცილებლობას; მკურნალობის არადამაკმაყოფილებელი შედეგი, როგორც წესი, ყალიბდება პაციენტებში, რომლებიც  ღებულობენ საჭირო წამლებს, მაგრამ არ იცავენ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს;
  12. არ მიიღოთ არტერიული წნევის მკურნალობასთან დაკავშირებული გაწყვეტილება თვითნებურად ან  მიბაძვით, რადგანაც ამით შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს  

ზურაბ ფაღავა მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორ, FESC, .ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოპულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი  ტელ : 032 288 09 09

 

 

 

 

 

ამავე თემაზე