სტრაბიზმი, მას ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც სიელმეს, არის ანომალია, როდესაც შეუძლებელია ორივე თვალის ერთდროული ფიქსაცია მხედველობის ობიექტზე. ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უპირატესად ვლინდება ადრეული ბავშვობის პერიოდში.
მიზეზები და გავრცელება
სტრაბიზმი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით ჩამოყალიბდეს. მათ შორისაა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, თვალის ექსტრაოკულარული კუნთების დარღვევები, ნევროლოგიური პათოლოგიები, ამბლიოპია, ან სხვა რეფრაქციული ანომალიები (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი). არის შემთხვევები, როდესაც სტრაბიზმი ვლინდება ამ ფაქტორთა კომბინაციით.
ასაკობრივი ჯგუფები
სტრაბიზმმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ასაკის ადამიანზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ის დიაგნოსტირდება ადრეული ბავშვობის პერიოდში. კვლევებმა აჩვენა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 4%-ს აღენიშნება გარკვეული ხარისხის სტრაბიზმი. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით ცხოვრებაში.
ადრეული ჩარევა გადამწყვეტია სტრაბიზმის ეფექტურად მართვისთვის. მკურნალობის ვარიანტები შეიძლება განსხვავდებოდეს მდგომარეობის სიმძიმისა და მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით. მსუბუქ შემთხვევებში, შეიძლება დაინიშნოს მაკორექტირებელი ლინზები, ან სათვალე თვალის კოორდინაციისა და გასწორების გასაუმჯობესებლად. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევებში, ან როდესაც კონსერვატიული მიდგომა ვერ იძლევა სასურველ შედეგს და სათვალეშიც რჩება სიელმის კუთხე, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
ქირურგიული ჩარევა მოიცავს თვალის მამოძრავებელ კუნთებზე მანიპულაცებს. საჭიროებისამებრ კუნთების დაჭიმულობის ცვლილებას, მოკლე კუნთის დაგრძელებას (რეცესია), გრძელის დამოკლებას (რეზექცია) და მათ კომბინაციას.
პოსტოპერაციულად პაციენტს რამოდენიმე დღე აღენიშნება კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა და მცირე შეშუპება, რომელიც ბუნებრივია. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მოიცავს თვალის ჰიგიენის დაცვას, რამდენიმე კვირით საცურაო აუზისგან თავის შეკავებას. ამ დროს მთავარია არასასურველი ინფექციის თავიდან არიდება, სხვა მხრივ პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების წესს.
ზაზა ხოტენაშვილი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
0322 232 232
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის II შესახვევი #6
(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)