2024-02-12 16:14:17
12 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც დაზარალებულებს აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ფაქტი 2023 წლის მაისში გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით  ჩამოიყვანა.   

"ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა", - წერია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

ამავე თემაზე