2024-02-08 11:39:24
პრემენსტრუალური სინდრომი- ჟორდანიას კლინიკა

პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი, წინარემენსტრუაციული) სინდრომი (პმს) წარმოადგენს ნეგატიური სიმპტომების რთულ კომპლექსს, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს. ის შეიძლება გამოვლინდეს ნერვულ-ფსიქოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით. ყოველ ქალს პმს თავისებურად უვლინდება.

სტატისტიკის თანახმად, პმს აქვს რეპროდუქციული ასაკის ქალების 50-80%-ს, უმრავლესობას - ძალზე იოლი ფორმით, ისე, რომ ექიმის ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში პმს-მა შესაძლოა პროგრესირება განიცადოს.

არსებობს პრემენსტრუალური სინდრომის 4 ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა:

1. ნერვულ-ფსიქოლოგიური ფორმა. ვლინდება სისუსტით, უმიზეზო ტირილით, დეპრესიით ან, პირიქით, გადამეტებული, აუხსნელი გაღიზიანებითა აგრესიით. ეს უკანასკნელი, წესისამებრ, ახალგაზრდა ქალებს აღენიშნებათ, შედარებით ასაკოვანთათვის კი დეპრესიული მდგომარეობაა დამახასიათებელი.

2. შეშუპებითი ფორმა. ახასიათებს სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, შესივება და და ტკივილი, სახის, ფეხებისა და ხელის მტევნების შეშუპება, ოფლიანობა. პმს-ის ამ ფორმის დროს მკვეთრად არის გამოხატული სუნებისადმი ზემგრძნობელობა. მოსალოდნელია გემოვნების შეცვლაც.

3. ცეფალგიური ფორმა. ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ - ღებინება, თავბრუხვევა. პმს-ის ამ ფორმით დაავადებულთა დაახლოებით მესამედს აღენიშნება გულის არეში ტკივილი და ფსიქოლოგიური დათრგუნულობა. გარდა ამისა, იცვლება ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა, რამაც შეიძლება ძვლების დასუსტება გამოიწვიოს.

4. კრიზული ფორმა. თავს იჩენს ადრენალინური კრიზის ნიშნები. სახელდობრ, გულმკერდის არეში შეიგრძნობა ზეწოლა, რასაც თან ახლავს გულისცემის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და გაცივება. მოსალოდნელია ხშირი და ჭარბი შარდვა. ამგვარი კრიზის დროს ზოგს სიკვდილის შიში ეუფლება, რაც ნეგატიურად აისახება ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. პმს-ის ეს ფორმა ექიმის ჩარევას საჭიროებს.

მკურნალობა

პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ჰორმონული ფონის მოწესრიგება. გარდა ჰორმონებისა, სამკურნალოდ იყენებენ შარდმდენ, წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს, დამამშვიდებლებს და სხვა.

დანიშნულების მისაღებად მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს

გინეკოლოგს – რამდენადაც პრემენსტრუალური სინდრომი ქალური სასქესო ჰორმონების დონის დარღვევასთან არის დაკავშირებული;

ფსიქონევროლოგს – მასთან ვიზიტი ემოციური დარღვევების დროს არის რეკომენდებული;

ენდოკრინოლოგს – პრემენსტრუალური სინდრომის გამოვლინებათა გაძლიერება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს შეუძლია.

 

ჟორდანიას კლინიკა

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად  2 99 08 53

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე