თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ - ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს ხელი შეუწყოს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას - მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.
„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნო ახალი წამოწყებაა, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება განივითარონ ის უნარები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა არის უნიკალური და სრულად აგებულია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის მასში მონაწილეობას“ - მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.
კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები მუშაობენ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია - იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.
„კომუნიკაციის სახელოსნოს პროგრამა ,,დიზაინ ფიქრის’’ ნაბიჯებს მიუყვება. სწავლების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოში დაგროვილი გამოცდილების გადააზრების და უკუკავშირის საფუძველზე მიმდინარეობს. სასწავლო და სამუშაო პროცესის დაკავშირებით მონაწილეები, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გაითავისებენ, თუ როგორ გამოიყენონ ნებისმიერი საქმიანი გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად. ეს კი დაეხმარებათ, რომ განვითარება ჩვენი შეხვედრების მიღმაც, თავიანთი ინიციატივით გააგრძელონ და ამ თვისებით ნებისმიერი გუნდისა თუ ორგანიზაციის ღირებული წევრები გახდნენ” - ანამარია სუხიტაშვილი, კომუნიკაციის სახელოსნოს ფასილიტატორი.
კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ-განათლების პროგრამების კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. 2024 წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.