2023-09-19 19:55:33
რუსეთი ეღობება გზაზე მშვიდობას, უნდა აღვუდგეთ ამ ღია აგრესიას დღეს, რათა შევაკავოთ სხვა აგრესორები ხვალ - ბაიდენი 

მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგბლობა ამ ომზე. მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი დაუყოვნებლივ და მხოლოდ რუსეთი ეღობება გზაზე მშვიდობას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საერთაშორისო სისტემის გარკვეული პრინციპები არის წმინდა – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებები. ეს არის გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპები, ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის საფუძველი, რომელთა გარეშე ჩვენს ვერცერთ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს არ უნდა შეიცვალოს. მეორე წელია, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი მიძღვნილ ამ შეკრებას ჩრდილს აყენებს ომი, დამპყრობლური უკანონო ომი, რომელიც რუსეთმა პროვოცირების გარეშე დაიწყო თავისი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ.

ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას, აშშ-ს ამ ომის დასრულება უნდა, თუმცა არცერთ ქვეყანას სურს ამ ომის დასრულება იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას თავის ძალისხმევაში, რომ დიპლომატიურად დარეგულირებამ მოიტანოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომზე. მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი დაუყოვნებლივ და მხოლოდ რუსეთი ეღობება გზაზე მშვიდობას, რადგან რუსეთისთვის მშვიდობის ფასი არის უკრაინის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორია და უკრაინელი ბავშვები. რუსეთს სჯერა, რომ მსოფლიო დაიღლება და ნებას მისცემს მას, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები აწარმოოს შედეგების გარეშე, მაგრამ გეკითხებით: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე აგრესორის დასაწყნარებლად, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე წევრი სახელმწიფო იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია? თუ ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, იქნება თუ არა დაცული რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა? მე ვივარაუდებ, რომ პასუხი იქნება – არა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ ღია აგრესიას დღეს, რათა შევაკავოთ სხვა აგრესორები ხვალ. სწორედ ამიტომ აშშ მსოფლიოში თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მათ მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვისას. ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ქვეყნის მომავალში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.    

ამავე თემაზე