მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, როდის დასრულდება ომი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების ვადებს ვერ ასახელებს.
„შეუძლებელია, გითხრათ ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება ეს ომი ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, – თქვა მან.
პუტინთან დისკუსიის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ „მოსალოდნელია, კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს და იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ჩვენ გვსურს, გვქონდეს ამის დიდი იმედი. პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარეს“, – თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ისეთივე სანდოა, როგორც დასავლეთი.
”მე არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რამდენადაც დასავლეთი, ასევე რუსეთიც ერთნაირად სანდოა. ბოლო 50 წელია, ჩვენ ევროკავშირის კართან ვიცდით. ამ მომენტში მე ვენდობი რუსეთს. ისევე, როგორც მე ვენდობი დასავლეთს“, – თქვა მან.