2023-05-25 15:13:07
ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ევროპული მომავალი...თუმცა პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია - კალაძე ევროკავშირის დროშის შესახებ 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება.

„ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის ევროკავშირის დროშები.

სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა და ადამიანებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც აქვთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

ამავე თემაზე