
მოლდოვას, ევროინტეგრაციის გარდა, სხვა გზა არ აქვს, ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი უნდა იყოს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სანდუმ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარ ვიწრო ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ამ გზას უპირობოდ დაუჭირონ მხარი.
სანდუმ ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა მოლდოვის მიმართ. მაია სანდუს თქმით, კრემლიდან „მხოლოდ მუქარა, ემბარგო და შანტაჟი“ მოდის.
„წლებია, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები გვყოფდნენ და ყველანაირ ტყუილს იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. 2030 წელს მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ახლა ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, მოლდოველებმა აირჩიეს ევროპული გზა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
