
საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭირვალე რეჟიმში იღებს. ამის შესახებ განცხადებას "საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ბოლო 2 წელია ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში ღებულობს და საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად აღარ გრძნობს. ორგანიზაცია ეჭვობს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.
2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა.
უკვე 2 წელზე მეტია მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.
გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.
გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე.
მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, - ნათქვამია ორგანზაციის განცხადებაში.
