2023-01-16 16:28:28
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან გადმოირიცხა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, 317.31 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.20 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 34.30 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 20.67 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 19.05 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 90.9 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1.5 პროცრნტით მეტია.

ამავე თემაზე