2020-08-17 15:23:36
შსს-ში დაადასტურეს, რომ მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაშველებმა Bauhaus Bar-დან დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე