
თავდაცვის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ინფორმაცია თავდაცვის უწყების დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. იზორიას თქმით, ფაქტს უარყოფენ აშშ-ს საელჩოშიც.
"მინდა გამოვეხმაურო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ კამპანიას,რომლის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატო-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების საერთაშორისო აღიარება , რომელსაც დღითი-დღე საქართველო და თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან.
მინდა განსაკუთრებით ბოლო ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც შაბათს, „კურიერის“ მიერ იქნა გავრცელებული და სადაც საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ს სამხედრო გოგონას მიმართ,რაც არამხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ ასევე აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მე ვთვლი , რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული, რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს. ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ , უსუსურად, მაგრამ ტყუილებით , ყოველგვარი ფაქტების გარეშე." ამბობს იზორია
