2019-04-04 17:27:52
"ვერ დამისახელებთ პერიოდს, რა დროსაც დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა - მათ შორის გამოძალვის ფაქტს“

მობრძანდით და ადგილზე ნახეთ, აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარისკაცებს, არის თუ არა ჯარი ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი და მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი, დაესწარით წრთვნებს და მოისმინეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები, - აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

იზორიამ მათ კრიტიკას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ ის მოკლებულია ფაქტებს.

“იქნებ რაღაც მართლაც არის - მეც დამანახეთ! მე კრიტიკის დამფასებელი ვარ, მაგრამ უნდა იყოს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენი გულისწუხილია, რომ ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენთ. მაგალითად ე.წ. დედოვშინაზე. გადავხედე სტატისტიკას, მათ შორის ამ განცხადებების ავტორთა პერიოდში. ვერ დამისახელებთ პერიოდს, რა დროსაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა - მათ შორის გამოძალვის ფაქტს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე და აღნიშნა ისიც, რომ “არავის აქვს ამბიცია იმისა, რომ დარღვევებს მომავალში არ ექნება ადგილი“.

მისივე თქმით, საქარველოს ჯარი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი მაღალყელიანი ფეხსაცმლით არის აღჭურვილი და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯარი ჩინური ფეხსაცმლით მარაგდება.

სხვათაშორის, ბოლო ერთ-ერთი კითხვა იყო ასეთი, რომ თურმე, ჩინური „ბათინკებით“ ხდება ჯარის მომარაგება... ეს აბსურდი და აბსოლუტური ტყუილია. 2016 წლის მერე კომპანია „ნიუატლასს“ ტენდერში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. მიიღო სხვა ხელმძღვანელის პირობებში. მაშინ მიღებული ტენდერის პროდუქცია მივიღეთ 2017 წელს და ახლა ჩინური არაფერი არ არის“, - განაცხადა იზორიამ.

ამავე თემაზე