2019-03-15 14:09:39
განცხადებები, რომ ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია - იზორია

"კრწანისის" სამხედრ ბაზაზე, ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობას და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს დღეს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. ლევან იზორია ამბობს, რომ ეს კრიტიკა დაუმსახურებელი და თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია:

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული.

ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმუოფელი.

როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმისლისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ.

ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, - განაცხადა იზორიამ.

ამავე თემაზე