ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციის მიერ ორი წვევამდელის დაკავებას, თავდაცვის მინისტრი ეხმაურება.
„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, სულ რაღაც ერთ დღეში ჩავატარეთ მყისიერად საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრი გამორიცხავს, რომ ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ოფიცრები მონაწილეობდნენ.
„კატეგორიულად გამოვრიცხავ, ბევრი სპეკულაციები იყო, არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა.
დაკავებულები რამდენიმე საათის წინ სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.