2019-03-13 10:49:19
"ამას ჰქვია „დედოვშჩინა“...გაერთიანებული შტაბი დაკავებულია პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით"

"ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენი მებრძოლი ოფიცრების ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ჯარს მართავენ არაპროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც ჯარში ხედავენ შემოსავლის წყაროს“- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც თავდაცვის უწყებაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ერთ ერთი ბოლო სკანდალი კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოხდა. წვევამდელმა განაცხადა, რომ მას ფულს სძალავდნენ და სცემდნენ.

„ამ სიმახინჯეს სახელიც არის რუსული ამას ჰქვია „დედოვშჩინა“. ყველას ეგონა, რომ ეს 90-იანებში დარჩა, მაგრამ სიმახინჯეს, ბოროტებას აქვს უნარი დაბრუნების და ეს დაბრუნდა. დაბრუნდა იმის გამო, რომ გაერთიანებული შტაბი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით და არა მართვით შეირაღებული ძალების.

ეს ბაზა არის ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ იქ ემზადებიან ჩვენი ჯარისკაცები მისიებში მონაწილეობის მისაღებად, ანუ თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება სხვა ბაზებზე" განაცხადა შაშკინმა.

ფულის შესაძლო გამოძალვისა და ძალადობის ფაქტი თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება.

„მიმდინარე წლის 9 მარტს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 181-ე და 386-ე მუხლებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება,“- განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა

ამავე თემაზე