2019-02-07 20:02:24
დაპირისპირება ახალწვეულებს შორის - სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

კრწანისის სასწავლო ცენტრში, ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღიძრა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მუხლი გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება.

„აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა „რუსთავში" ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რამე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრამვის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე, არ გამოვლენილა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე