2018-02-07 19:24:24
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმის მხარდასაჭერად

8 თებერვალს, 10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტი 2018 წლის 8 მარტს, ბათუმში დაგეგმილი  მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმის  მხარდაჭერას ემსახურება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და აჭარის ა/რ  სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  2018 წლის 8 მარტს,  ქალაქ ბათუმში მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან.  ასევე, მომხსენებლები იქნებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა მეწარმეობის განვითარებას. ფორუმში ჩართულნი იქნებიან  ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებს სულ 300 დელეგატი როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეები  წარმატებულ მაგალითებს განიხილავენ და იმსჯელებენ  გამოწვევებზე. ბიზნესფორუმი  ქალ მეწარმეებს  დამატებით შესაძლებლობებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ასევე, მისცემს მათ ბიზნეს-წრეებთან კომუნიკაციის გაღრმავების საშუალებას.

ღონისძიების  ორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“,  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია  საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და  ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად. დოკუმენტის ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ  მსგავსი ღოისძიებები არის  ერთ-ერთი მთავარი საშუალება  საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

ამავე თემაზე