ვითარება კობი-გუდაურის მონაკვეთზე
2018-01-13 16:27:49 · ამობეჭდვა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა და 24 საათიანი მონიტორინგი.

"კობი-გუდაურის მონაკვეთზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები აგრძელებენ მონიტორინგს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა და 24 საათიანი მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზნით, სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იმყოფება.

მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვა, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 12 იანვარს +7, +12, ხოლო 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება,"-ნათქვამია განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება