მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
2017-12-07 18:09:32 · ამობეჭდვა

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 86-ხმით მიიღეს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

ცვლილებებით, უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება.

დღის წესრიგიდან მოიხსნა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების ინიციატივა.





გაზიარება და მოწონება