მანდატურების სამსახურსა და შსს-ს შორის ბმა გაწყდა, რამაც ხარისხზე იმოქმედა - გახარია
2017-12-07 14:23:28 · ამობეჭდვა

„დღეს მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს გვაქვს და არა იმის წინაშე, რომელიც 5 ან 10 წლის წინ გვქონდა. ამ ბმას აღვადგენთ, თუმცა, ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან“, - აცხადებს შს მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება სკოლებთან დროებითია და ძიირითადი ამოცანა სწორედ მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდაა. გახარიას განცხადებით, ამ მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი , რომელშიც განათლების და იუსტიციის სამინისტროები და მთავარი პროკურატურაც შედიან:

„ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირება, რა თქმა უნდა, დიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როდესაც არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა...სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სმაინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახრურის ეფექტიანობას.

იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი, რამდენიმე სკოლასთან - თუ არ ვცდები 80-85 სკოლა იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე პატრულირებდნენ დილის საათებში, მძიმე „ტრაფიკის“ დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ, მოხდა შემდგომ, რაც მოხდა. ჩვენ ამ თემას, საკითხს სერიოზულად ვუდგებით და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურების ეფექტურობა. პატრულის როლი აქ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით - პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.





გაზიარება და მოწონება