"ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოუღო" - „ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს
2017-12-07 13:50:03 · ამობეჭდვა

დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოუღო - განცხადება ამის შესახებ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ გააკეთა. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა. ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინის თავისუფალ ხალხს პარასკევს „მრისხანების დღეზე“ გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას (აჯანყება) დაწყება გამოაცხადონ. ხვალ ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება. ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია. „ჰამასის“ ყველა დანაყოფებისთვის ბრძანებაა გაცემული, რომ ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ“, - დასძინა მან.





გაზიარება და მოწონება