საახალწლო განათებები მილანიდან - "ხომ არ ველოდოთ ჯენარო გატუზოს ან ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას"...
2017-12-07 11:57:22 · ამობეჭდვა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია და ამ კომპანიას ანგარიშები იტალიაში აქვს. მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, რატომ შეარჩია თბილისის მერიამ მაინცდამაინც იტალიური კომპანია, ვინ მოიძია აღნიშნული კომპანია. ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია და კონკრეტული დეტალია, რომ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც „შემთხვევით“ საბანკო ანგარიშები მილანში აქვს. გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ, ვის დაესიზმრა მილიონობით კომპანიაში მაინცდამაინც ის კომპანია, რომელიც იტალიაშია დაფუძნებული და მისი ანგარიშები არის მილანში. რატომ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან განათებებისთვის, ვიდრე ოდესმე გადარიცხულა. საქმე ხომ არ გვაქვს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან, ხომ არ ველოდოთ მაგალითად საგზაო სამუშაოებზე თბილისში შემდგომში ჯენარო გატუზოს ან ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას, მარტივი და ლოგიკური შეკითხვა გვაქვს და ამაზე პასუხი კახა კალაძემ უნდა გასცეს, ვინ და როგორ მოიძია მილიონობით კომპანიას შორის მაინცდამაინც ის კომპანია, რომელსაც ანგარიშები მილანში აქვს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





გაზიარება და მოწონება