317 000 ლარი ბათუმის საახალწლო დეკორაციებისთვის, 67 500 ლარი ,,მგზავრებს" და 16 250 ,,გამოუვალ მდგომარეობას"
2017-11-29 13:58:14 · ამობეჭდვა

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი კი – 317 000 ლარი.
ბათუმში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებში, სავარაუდოდ, ჯგუფები „მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიღებენ მონაწილეობას, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან ისინი, ჰონორარის სახით, 83 750 ლარს მიიღებენ. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრებს“ 67 500 ლარს, ხოლო „გამოუვალ მდგომარეობას“ 16 250 ლარს გადაუხდიან.
„ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონიძიებების მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კომისიის გადაწყვეტილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მთავარ მონაწილედ დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების მასშტაბურობასა და მოსახლეობის დაინტერესების ზრდას“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ „ბათუმის მუსიკალური ცენტრის“ განაცხადში.

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, „მოლაპარაკებით და ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომლითაც გათვალისწინებულია ჯგუფის ყველა [7] წევრის ჰონორარი. მომსახურების გაწევა მოხდება 2017 წლის 31 დეკემბერს. ამასთან, ვინაიდან ჯგუფი არის მოთხოვნადი და საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით აქვთ სხვა შეთავაზებებიც, საჭიროა დროულად ხელშეკრულების გაფორმება“.

წყარო "ბაუმელები"





გაზიარება და მოწონება