„რუსების პირდაპირი მოთხოვნით დატოვეს ჯანელიძე“ - ღარიბაშვილი-ჯანელიძის რუსული სქემა და კადრები უშიშროებასა და თავდაცვაში?
2017-11-15 00:01:03 · ამობეჭდვა

ამ ადამიანმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჯერ საგარეო დაზვერვას, შემდგ კონტრდაზვერვა დაანგრია - ამ განცხადებას "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გივი თარგამაძე კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას აკეთებს. როგორც თარგამაძე "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, ჯანელიძის ერთ ერთი დავალება ქართული კონრდაზვერვის განადგურება და თავდაცვის სამინისტროში დასავლური კადრების რუსულით ჩანაცვლება იყო:

"თუ იგულისხმება ის, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურში მინდია ჯანელიძე მუშაობდა თავის დროზე და მან ვინც დატოვა კადრები ისინი ავტომატურად უნდა მოვიაზროთ, როგორც ღარიბაშვილის კადრები, ეს საეჭვოა მე მგონი იმიტომ, რომ სამწუხაროდ მინდია ჯანელიძე ჩვენი ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საგარეო დაზვერვაში და შეიძლება იმის თქმაც, რომ ეს იყო ერთ ერთი შეცდომა, ვინაიდან ის ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში რუსეთის დეპარტამენტს და მაშინ გვახსოვს, რომ ჩავარდა მთელი ქსელი საგარეო დაზვერვისა რუსეთში და ადამიანები იქნენ დაპატიმრებულები. მე პირადად გამაჩნია ჩემი ეჭვი, რომ ეს მინდია ჯანელიძის ხელშეწყობის გარეშე არ მომხდარა, ვინაიდან მისი შემდგომი მოქმედებები ჩემთვის სრულიად ნათლად ადასტურებს იმას, რომ თუ ის არ არის მთავარი რეზიდენტი რუსების, ყოველ შემთხვევაში, ერთ ერთი საყრდენი ნამდვილად არის. მას ჩაბარდა კონტრდაზვერვის განადგურება 2012 წელს და შემდეგ კი სერიოზული მავნებლობა - დასავლური კადრების ამოძირკვის და რუსული კადრების დანიშვნის თვალსაზრისით თავდაცვის სამინისტროში. ამდენად, ამ სტრუქტურის გადაბარგება იქ, სადაც იმყოფება კონტრდაზვერვა, შეიძლება იყოს მავნებლური და ეს მთლიანი სტრუქტურა შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოექცეს რუსების გავლენის ქვეშ." განაცხადა გივი თარგამაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში

თარგამაძის თქმით, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, გადაწყვეტილი იყო კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ჯანელიძეს რუსეთის მოთხოვნით, თანამდებობა შეუნარჩუნეს:

"რაც შეეხება ჯანელიძის კვალს, სავარაუდო არის ის, რომ ყველა იმ სტრუქტურაში, სადაც მან იმუშავა, მან დატოვა თავისი კადრები და შესაბამისად, ეს კადრები უდიდესი ალბათობით იქნებიან კადრები, რომლებიც მუშაობენ რუსებზე. როდესაც ძველი პრემიერი გადადგა მაშინ გამოცხადებულიც კი იყო , რომ სტრუქტურას, რომელსაც ჯანელიძე ხელმძღვანელობდა გააუქმებდნენ, ანუ ახალმა პრემიერმა ეს ვერბალურად გამოაცხადა კიდეც და შემდგ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ეს სტრუქტურა მას დაუტოვეს და დღემდე ფუნქციონირებდა. გამოვიდა ის, რომ სტრუქტურა დატოვეს იმისათვის, რომ მინდია ჯანელიძეს რამე პოზიცია მაინც შეენარჩუნებინა და ჩემი ინფორმაციით, რუსების პირდაპირი მოთხოვნით დატოვეს ჯანელიძე, რაღაც პოზიცია მაინც რომ ჰქონოდა . რამდენად ამოძირკვადია დღეს ჯანელიძე ყველა სისტემიდან, გამოჩნდება. ამ ადამიანმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჯერ საგარეო დაზვერვას, შემდგ კონტრდაზვერვა დაანგრია და შემდეგ სერიოზულად შეარყია მრავალი წლის შექმნილი საფუძვლები თავდაცის სამინისტროში და ყველა ეს ნაბიჯი სასარგებლო იყო რუსებისთვის",- განაცხადა "პირველ რადიოსთან" საუბარში გივი თარგამაძემ.





გაზიარება და მოწონება