ოპონენტები უმრავლესობიდან კვლავაც თვლიან, რომ სახელმწიფო ტელევიზიაა და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც გადაწყვეტენ - გვიმრაძე
2017-11-14 23:10:32 · ამობეჭდვა

ოპონენტებს უმრავლესობიდან არ ესმით მაუწყებლის ფუნქცია და კვლავაც თვლიან, რომ სახელმწიფო ტელევიზიაა და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც გადაწყვეტენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში ყველა ერთ აზრზე რომ ვერ იქნება, ეს ნორმალურია, თუმცა პრობლემაა, როდესაც ადამიანები ვერ თანხმდებიან ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაზე.

“დღემდე ადამიანები სვამენ კითხვას, რა არის ამ ორგანიზაციის ფუნქცია, აქ ნამდვილად სხვა პრობლემაა. ჩვენ დღეს შევთავაზეთ, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებითა და დახმარებით, პარლამენტში გაიმართოს დებატები, რას წარმოადგენს მაუწყებლის იდეა, რატომ უნდა არსებობდეს ის ნებისმიერ ევროპულ განვითარებულ საზოგადოებაში და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს მას”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

როგორც გვიმრაძემ აღნიშნა, ოპონენტების მთავარი არგუმენტი, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დააზარალებს კომერციულ მაუწყებლებს მიუღებელია.

“მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ სიკეთეზე და იმაზე, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. უნდა იყოს თუ არა ის წარმატებული. თუ ჩვენ კომერციული მაუწყებლების წარმატება გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯზე, ეს სრულიად მიუღებელი მდგომარეობაა. მთავარი ამბავი მაინც იყო ის, რომ ძირითად ლაიტმოტივად სახელდება ხოლმე კომერციული მაუწყებლების მხარდაჭერა და კომერციული მაუწყებლების ინტერესების გატარება. იმ დროს როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხალხის ფულით დაფინანსებული მაუწყებელი წლების განმავლობაში არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ამ მდგომარეობაშია, ამ ვითარებაშისაუბარი კერძო მაუწყებლების პრივილეგიაზე კარგად არ მესმის, მაშინ რაში ვხარჯავთ ფულს და სწორედ დგება ის საკითხი, რაში ვხარჯავთ ფულს”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

გვიმრაძის თქმით, ოპონენტებისთვის სუსტი საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით ე.წ. მოწყვლადია ნებისმიერი აქტივობის მიმართ, რომელიც მასთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს.

მსგავსი: აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად -...

“მათ აინტერესებთ, რომ მაუწყებელი არ იყოს ძლიერი, არ იყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოთამაშე. ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ მაუწყებელმა, ერთი მხრივ, ისეთი პროდუქტი უნდა აწარმოოს, რომელსაც შეიძლება ხალხი არ უყურებდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია და, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს რეიტინგი არ აქვს და მოდით, გავაუქმოთ. ერთი მხრივ, არ უნდა უყურებდნენ და მეორე მხრივ, რადგან არ უყურებენ, გავაუქმოთ. ბუნებრივია, ერთმანეთთან საწინააღმდეგო მოსაზრებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განვითარდეს, არ დადგეს ფეხზე და არ წაიწიოს წინ”, – განაცხადა გვიმრაძემ.





გაზიარება და მოწონება