2017-11-04 00:27:46
,,ნადგურდება ვიდეო ჩანაწერები... ვითხოვთ, მინისტრ მღებრიშვილის გადადგომას“

ძალოვნები იმართებიან არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ერთი კერძო პირის ინტერესიდან გამომდინარე- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა. ბოკუჩავა ამბობს, რომ ძალოვანი უწყებები საპარლამენტო კონტროლიდან მთლიანად არიან გასული, ვერც პარლამენტი ახორციელებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას. ბოკუჩავას თქმით, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ შს მინისტრი ოპოზიციის მოთხოვნის  მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ მიდის. ე.წ. ბოლო საქმე, რომელზეც პოზიცია გიორგი მღებრიშვილისგან პასუხებს ითხოვს, ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტია. თინა ბოკუჩავა "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ  ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც  იკვეთება პოლიციის შესაძლო დანაშაული და საქმეში არ არის კამერის არც ერთი ჩანაწერი:

"სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელების შესაძლო დანაშაული იკვეთება და ნაცვლად იმისა, რომ საქმე იყოს გამოძიებული, ყველანაირი მტკიცებულება სავარაუდოდ ნადგურდება. ამ შემთხვევაზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ სამი შემთხვევა, რომელსაც უნდა ჩაეწერა იქ განვითარებული მოვლენები და აღმოჩნდა, რომ ორმა არ იმუშავა, ერთმა ფრაგმენტულად იმუშავა, ჩაირთო , გამოირთო და რეალურად ეს ძალიან გავს დანაშაულის დამალვის მცდელობას. უკვე ძალიან სისტემური სახე მიიღო ასეთმა ქმედებებმა შსს-ს მხრიდან. მაგალითად აფგან მუხტარლის საქმეზე, სადაც დაახლოებით 100-მდე კამერას უნდა ემუშავა და ერთი კამერის ჩანაწერი გაასაჯაროეს მხოლოდ, ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე, ელისო კილაძის შვილის შესაძლო ფიზიკური ძალადობის პოლიციის ეზოში, ეროსი კიწმარიშვილის საქმე, სადაც ასევე განადგურებულია ვიდეოჩანაწერები, ასევე ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე და მრავალი სხვა, სადაც რეალურად ნადგურდება ვიდეოჩანაწერები სავარაუდოდ დანაშაულის დაფარვის მცდელობის გამო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს პასუხების გაცემა ქართულ ოცნებას და მაინც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ამ საქმეზე. ჩვენ ვითხოვთ მინისტრი მღებრიშვილის გადადგომას, ასევე ვიბარებთ მას პარლამენტში, როგორც მინიმუმ, კითხვებს გასცეს პასუხი. მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე თვეებია ვითხოვთ მის გამოცხადებას პარლამენტში, იქნება ეს ფრაქციის სხდომაზე თუ პლენარულ სხდომაზე, ის უგულვებელყოფს ჩვენს ამ მოთხოვნას იმიტომ, რომ ძალოვნები მთლიანად არიან გასული საპარლამენტო კონტროლიდან. ეს ხდება იმიტომ, ომ პარლამენტიც ძალიან სუსტია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი საკანონმდებლო ორგანო გვყავს , შესაბმისად ვერ ახერხებს თავისი კონსტიტუციური ფუნქციების განხორციელებას. ძალოვნებიც იმართებიან არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ერთი კერძო პირის ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამან მიგვიყვანა ასეთ ძალიან სამწუხარო და ჩემის აზრით ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო რეალობამდე" განაცხადა თინა ბოკუჩავამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.   

ამავე თემაზე