ეს რა ახალი კამპანია დაიწყო? რას ნიშნავს, ჟურნალისტებს აგვიკრძალოს ვინმემ და პროკურატურამ დაკითხვებზე გვატაროს ​- ინგა გრიგოლია 
2017-10-13 09:44:51 · ამობეჭდვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ე.წ. ცინიდის საქმის მასალების მედიით გახმაურებასთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას და საქმეზე ჟურნალისტების შესაძლო დაკითხვას ეხმაურება.

განცხადებას ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს:

"ეს რა ახალი კამპანია დაიწყო? რას ნიშნავს,ჟურნალისტებს აგვიკრძალოს ვინმემ და პროკურატურამ დაკითხვებზე გვატაროს იმის ასახსნელად, საიდან გვაქვს ესა თუ ის ინფორმაცია!! ერთია,თუ ჟურნალისტი მცდარ ინფოს მიზანმიმართულად ავრცელებს, მაგრამ რატომ ავრცელებს ვინმეს ჩვენებას,თუნდაც დახურული სასამართლო სხდომიდან, ეს კითხვა არ შეიძლება დაისვას დემოკრატიულ ქვეყანაში, ამის ისე მჯერა,როგორც იმის,რომ ინგა მქვია სახელად,"-წერს ინგა გრიგოლია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიასაშუალებებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქმე ეხება მედია საშუალებებით სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.

დაკითხვაზე უკვე იქნენ დაბარებულნი ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები, თუმცა ხუთივე მათგანმა კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.





გაზიარება და მოწონება