მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს - დოლიძე
2017-10-13 09:26:19 · ამობეჭდვა

მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა.

მისი თქმით, შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების'' ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების'' მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება. 2020-ში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და მთავარი კანონის კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან შესაბამისობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოს გაზიარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„შენიშვნებში ერთი საკითხი - პრეზიდენტის არჩევის წესი - ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო. ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას'', - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მოტივირებულ შენიშვნებს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენენ და დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.

საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპი 11 საათზე უნდა დაიწყოს. უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციის გაზიარებას არ გეგმავს და ვეტოს დასაძლევად ემზადება, რისთვისაც 113 ხმის მობილიზება სჭირდება.





გაზიარება და მოწონება